საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
17 დეკემბერი, 2021 რა ხდება ნამახვანჰესის გარშემო - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

ნამახვანჰესის პროექტმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო - ჰესის მშენებლობის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 

ერთ-ერთი პირველი ჰესის მშენებლობას მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“  აპროტესტებდა. ვარლამ გოლეთიანის ლიდერობით, საპროტესტო მოძრაობა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას აერთიანებს.  მათ არაერთი აქცია მოაწყვეს ჯერ ნამახვანჰესის შორიახლოს, მოგვიანებით კი მთელი საქართველო მოიცვეს. 

საპროტესტო მუხტის ზრდასთან ერთად დაძაბულობაც იზრდებოდა, თანდათან კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. აქტივისტები მშენებელი კომპანიის -  „ენკას“ - თანამშრომლებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, პოლიციამ კი ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე რკინის ჯებირები აღმართა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს. 

სიტუაციის განმუხტვისა და საკითხის მოგვარების მიზნით, ხელისუფლებამ “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მოძრაობასთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მედიაციისთვის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე 26 აპრილს მოიწვია. მასთან ერთად, პროცესში  გარემოს დაცვის ექსპერტი ალექსანდრა ბუჯაროსკაც ჩაერთო.

გეგმის მიხედვით, მედიაცია 6 თვეს გაგრძელდა. შეხვედრები თავდაპირველად ვირტუალურად მიმდინარეობდა, ხოლო 12 ივნისს მთავარი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში -  ნატახტარში შედგა. 

Reginfo

როგორ დასრულდა მედიაცია

მედიაციაში ჩართული მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (გზშ) და ნამახვანჰესის ხელშეკრულების დამოუკიდებელი შეფასების ანგარიშები, რომლებიც ჰესის ავკარგიანობაზე გვიპასუხებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც „ენკამ“ ხელშეკრულების გაწყვეტა მოითხოვა, შეფასებების მომზადების პროცესი შეჩერდა. ახლა მთავარია გადაწყდეს რა ბედი ელის ნამხვან ჰესს. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროექტი გაგრძელდება, გზშ-სა და ხელშეკრულების შეფასების ანგარიშებიც მომზადდება.

რა არის გზშ? 
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) - კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა, იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს გარემოზე. იგი მოიცავს, სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, სხვადასხვა ორგანოებთა კონსულტაციებს და საბოლოოდ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას, რომელიც მხედველობაში მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას.

 

ევროკავშირის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ 19 ნოემბერს 6-თვიანი მედიაციის შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. მედიაციაში ჩართული მხარეები სამ ძირითად საკითხს მიმოიხილავდნენ - კონფლიქტის დეესკალაცია რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის პროექტი და საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა. 

პირველი საკითხი, რომელიც რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციას გულისხმობდა ივლისშივე მოგვარდა - ხეობაში სიტუაცია განიმუხტა, ხოლო აქციის დაკავებული მონაწილეები გაათავისუფლეს. 

გარდა ამისა, შემუშავდა გზშ-ს  დამოუკიდებელი განხილვის საკითხები, რომელსაც საქართველოს მთავრობა - ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) მეშვეობით დააფინანსებს. 

რა არის GEDF?
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - ფონდის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა, მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას. 2015 წლის 24 დეკემბერს ფონდმა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინვესტორის შერჩევის მიზნით, ფონდის მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თიოთეული პრედენდენტის დოკუმენტაცია და 2017 წელს გამარჯვებულად შპს “ენკა რინიუებლზი” გამოაცხადა.

 

მედიაციაში ჩართულმა მხარეებმა, ერთობლივად მოამზადეს გზშ-ს პოტენციური მიმომხილველების სია და შერჩევის რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავეს. მათ დაადგინეს, რომ მიმომხილველის შერჩევის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესები და კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი. 

შეთანხმების საფუძველზე, მომზადდა ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნის პროექტი და გაიმართა კონსულტაციებიც GEDF-თან. თუმცა პროცესი ენკას განცხადების შემდეგ შეჩერდა. ისევე როგორც, ხელშეკრულების დამოუკიდებელი მიმოხილვის შედგენის პროცესი. რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანების შიდა ექსპერტებს  უნდა მოემზადებინათ. 

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ მოამზადა პროექტი. მომავალში პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმაში უნდა შევიდეს. 

მედიაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა ჰესის მშენებელმა კომპანია “ენკამ”. ENIGMA შეეცადა გაერკვია, რა იყო ამის მიზეზი, თუმცა ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, კომპანია კომენტარისგან თავს იკავებს

17 სექტემბერს მედიაციის პროცესი რიონის ხეობის მცველებმაც დატოვეს. მათი თქმით, ისინი თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდნენ ხელისუფლებასთან დიალოგის პროცეს. რაც შეეხება ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელ დირკ ბუშლეს მათი აზრით, იგი საკითხის მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტისკენ იხრება.

„ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული“. - წერია მოძრაობის განცხადებაში. 

radiotavisupleba

რა ვიცით პროექტის შესახებ

კომპანია „ენკა“ მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიხედვით,  ჰესი 2 კასკადისგან შედგება: ზემო ნამახვანჰესი (ტვიში - 100 მეგავატი) და ქვემო ნამახვანჰესი (ჟონეთი - 300 მეგავატი). ჰესი წლიურად სავარაუდოდ 1500 გგვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. იგი მდინარე რიონის იმ ნაწილს მოიცავს, რომელიც ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ტვიში ჰესის კაშხალის შესაქმნელად, დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამახვანი ჰესისთვის კი 4 400 მეტრისა და 9 მეტრი დიამეტრის გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილია, რომელშიც რიონის მოქცევა სურთ. 

ჰესის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა, თუმცა განსხვავებული ფორმით. ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ თურქულ-კორეული კონსორციუმის დაშლამ იდეის განხორციელებას ხელი შეუშალა. 

თურქულ-კორეული კონსორციუმის პროექტი სამი ჰესისგან შედგებოდა, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 1600 გგვტ.სთ იყო. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კონსორციუმმა ვერ შეასრულა მემორანდუმით აღებული ვალდებულებები, შესაბამისად პოექტიც არ გაგრძელდა.

ჰესის განახლებული პროექტი 2015 წელს, სს „ნამახვანმა მოამზადა“. მის მცირედით შეცვლილ პროექტს შპს „ენკა რინიუებლზი“ აშენებდა. კომპანიის 90% თურქულ კომპანია “ENKA”-ს ეკუთვნის, ხოლო 10% ნორვეგიულ კომპანია - „Clean Energy Group”-ს.

ხელშეკრულების მიხედვით, ენკამ ნამხვან ჰესთან ერთად, ჰესის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გზის ნაცვლად, ნამახვან-ალპანას საავტომობილო გზის მონაკვეთიც უნდა ააშენოს. 

მთავრობის განკარგულებით კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 121 ლარად, ხოლო აღნაგობის უფლებით წელიწადში 16 ლარად და 99 წლით გადაეცა მიწები  წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში. 

ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე 2020 წელს დაიწყო, თუმცა ამას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 

ხანგრძლივი დაძაბულობის ფონზე, 22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენკამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნით მიმართა, ხოლო მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორულ გარემოებებს ასახელებს. თუ ენკამ საარბიტრაჟოში განაცხადი შეიტანა, სავარაუდოდ საქართველოს კომპანიისთვის თანხის გადახდა მოუწევს. ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ 16 დეკემბერს "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არბიტრაჟი ჯერჯერობით არ დაწყებულა. კომპანიასთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადაწყდეს და პროექტი კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის. 

"თუკი ინვესტორი ენკა არ დარჩა პროექტში, შეიძლება [პროექტი] განახორციელოს თვითონ სახელმწიფომ. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორი იყოს მოყვანილი" - განაცხადა თურნავამ "მინისტრთა საათზე". 

ვინ და რატომ ეწინააღმდეგება ნამახვანჰესს

Enigma Media / თამარ კოპალიანი

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მშვიდობიან პროტესტს დღემდე განაგრძობს. აქტივისტები უკვე 414-ე დღეა, ხეობაში გაშლილ კარვებში ღამეს ათევენ. მათი მოთხოვნები უცვლელია: გაუქმდეს განკარგულება, რომელიც ენკას სახელმწიფო მიწას აღნაგობის უფლებითა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცემს; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი და ბოლოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მათი აზრით, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. 

მოძრაობას მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც უჭერს. ისინი ხელშეკრულების "კაბალურ" პირობებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ არასათანადო კვლევების გამო  ჯერ კიდევ საეჭვო და საფრთხის შემცველია ის შედეგები რაც ჰესის მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს. 

რა რისკებზეა საუბარი

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც მედიაციის ერთ-ერთ მხარეა, ნამახვან ჰესის ხელშეკრულება შეისწავლა და განაცხადა, რომ „შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს“. მათი თქმით, ხელშეკრულება მხარეებს უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს, რადგან კომპანია სახელმწიფოსგან იმ რისკების გადაზღვევას ითხოვს, რასაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს.

შეფასებისას, კომპანიის შეუზღუდავ უფლებებზეც საუბრობენ, მაგალითად კი ბუნებრივი რესურსების საკითხი მოჰყავთ. მათი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ კომპანიას უკვე მის ხელთ არსებული მიწის ნაკვეთების გარდა, სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთები“ 1 ლარად გადასცეს. ორგანიზაციის თქმით, კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსების გამოყენებისთვის, რადგან საქართველოს არ აქვს  წყლის რესურსების მართვის გამართული კანონმდებლობა და შესაბამისად გადასახადი წყლის რესურსის მოხამრებისთვის არ არსებობს. ამას ისიც ემატება, რომ სახელმწიფოს დამატებით ხარჯების გაწევა მოუწევს, იმისათვის რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს, რადგან სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ რიონზე განთავსებული სხვა ჰესის გამო ნამახვანს წყლის რესურსი არ მოაკლდეს.  

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სხვა მრავალ საკითხთან ერთად, კომპანიის ვალდებულებებზეც საუბრობს. მათი თქმით, „ენკა“ საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და 15 წლის შემდეგ ენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზების ვალდებულებას არ აღიარებს. ეს კი მათი აზრით, ენერგო-უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სარგებლის იდეას აბათილებს.

„მწვანე ალტერნატივა“, რომელიც ასევე მედიაციის ერთ-ერთი მხარეა ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს,  რომ “ენკას” მიწა აღნაგობის უფლებით ისე გადაეცა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. 

გარდა პროცედურული საკითხებისა არასამთავრობო ორგანიზაციები იმ შესაძლო ზიანზეც საუბრობენ, რაც ჰესის ამოქმედების შემდეგ გარემოს მიადგება. 

ადგილი, სადაც ნამხვან ჰესი უნდა აშენდეს სეისმურად აქტიური ზონაა, ამიტომ გარემოსდამცველები მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. გარდა ამისა, სეისმოლოგიის ინსტიტუტი ქუთაისის შესაძლო დატბორვაზეც საუბრობს. ინსტიტუტმა მოდელირებაც შემოგვთავაზა, იმის შესახებ თუ როგორ იტბორება ქუთაისი დაახლოებით 19 წუთში 39-მეტრიანი ტალღით, წყალდიდობის დროს. 

გარემოსდამცველების თქმით, მდინარე რიონში წითელ ნუსხაში შეტანილი ზუთხისებრთა სახეობის თევზები ბინადრობენ. ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის“  წარმომადგენელი მიხეილ ფოცხიშვილი „აი ფაქტთან“ ამბობს, რომ მდინარის დინების ცვლილებამ შეიძლება „საქვირითე არეალზე მოახდინოს გავლენა და ზუთხმა ვეღარ იქვირითოს, შემდეგ კი გაქრეს“.

ასევე ხშირია საუბრები, კულტურული მემკვიდრეობების დატბორვის საფრთხეზეც.

გარემოსდამცველებს არც ვაზის ჯიშები გამორჩენიათ. მათი თქმით, წყლის დაგუბების შემდეგ ტენიანობა მოიმატებს, რაც ვაზის ჯიშებზე გავლენას იქონიებს. „მწვანე ალტერნატივა“ ამბობს, რომ კლიმატური ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს „არა მხოლოდ ტვიშის ცოლიკაურზე, არამედ ხვანჭკარასა და უსახელაურზეც“. საინტერესოა ისიც, თუ რა გავლენას იქონიებს ჰესი წყალტუბოს თერმულ წყლებზე.

რას ამბობენ ნამახვანჰესის მომხრეები

Enigma Media / თამარ კოპალიანი

ჰესის მშენებლობას ძირითადად ენერგოდამოუკიდებლობის იდეით ემხრობიან. იმპორტსა და უცხო ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდის სანაცვლოდ, ისინი ალტერნატივას, ქვეყნის შიგნით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში ხედავენ. რაც ასევე ინვესტიციის მოზიდვის საშუალებაა. 

ამ საკითხზე “Enigma-სთან” საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველო განახლებადი რესურსების 20%-საც არ ითვისებს, არა და მაგალითად, წყლის რესურსი  ერთადერთი რამაა, რაც მთლიანად საქართველოს განკარგულებაშია და ენერგოდამოუკიდებლობის შესაძლებლობას იძლევა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა იმპორტში პირდაპირ თუ ირიბად საკმაოდ დიდ თანხებს იხდის. 

აბრამიშვილის თქმით, დღეს ელექტრო ენერგიის მოხმარება დაახლოებით 14 მილიარდ კვტ.საათამდე აღწევს, თუმცა ქვეყნის შიდა გენერაცია  8-9 მილიარდ კვტ. საათამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ჰიდროლოგიური წელი გვექნება. 2030 წლის  პროგნოზით ელექტრო ენერგიის მოხმარების დონე დაახლოებით 20 მილიარდამდე გაიზრდება. შედეგად ქვეყანას, ფინანსურად ძალიან დიდი ტვირთი მიადგება. 

“ტექნიკურადაც აღარ გვექნება საშუალება, რომ შემოვიტანოთ ამდენი ელექტროენერგია. ხაზები არ გვაქვს საკმარისი, მაშინ გადამყვანი ხაზების განვითარებაში უნდა ჩავდოთ მილიონობით თანხა, რათა რუსეთში გავგზავნოთ ჩვენი სიმწრით ნაშოვნი ფული. ვიდრე ადგილობრივ გენერაციაში, ადგილობრივ ინვესტორს გადავუხადოთ, რომელიც გადასახადს აქ იხდის და საქართველოში ასაქმებს ხალხს”. - ამბობს აბრამიშვილი. 

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკურ ბერკეტებზეც საუბრობს. რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემთხვევაში რუსეთის ხელში აღმოჩნდება და შედეგად იგი ენერგორესურსებით იმანიპულირებს, ისევე როგორც ამას ევროპის ქვეყნებთან აკეთებს, Nord Stream 2-ის მაგალითზე. რუსეთი ხელოვნურად ქმნის მიწოდების დეფიციტს ევროპაში, რათა ბუნებრივ საწვავზე ფასებმა აიწიოს. 

სამეზობლოში იმპორტის სხვა ალტერნატივებზე საუბრისას, აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსული გავლენების ქვეშ არიან, შესაბამისად ისინიც რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. რაც შეეხება თურქეთს, იქ ფასები საკმაოდ ძვირია, დაახლოებით 9-10 ცენტამდე და შესაბამისად იმპორტიც მეტი ჯდება. 

“განახლებადი ენერგიის წარმოება ჭკვიანურად უნდა განხორციელდეს და ჰარმონიაში უნდა იყოს ბუნებასთან. რა თქმა უნდა, მის ათვისებას გავლენა აქვს გარემოზე, ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ სხვა ალტერნატივებს საიდანაც ელექტრო ენერგიის მიღება შეგვიძლია, ბერვად უფრო მძიმედ მოქმედებს გარემოზე”. - ამბობს აბრამიშვილი. 

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხელშეკრულების პირობებზეც ვკითხეთ, მისი თქმით ნამახვანჰესის ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის PPP ხელშეკრულებების გაიდლაინს შეადარეს, საიდანაც დადგინდა, რომ   მნიშვნელოვანი აცდენა გაიდლაინების შემთხვევაში არ ყოფილა. 

“ყოველთვის შეიძლება, ხელშეკრულება უკეთესი გახდეს, მაგრამ არაფერი ამაში კაბალური არ არის. მოდით აბა ინვესტორის კუთხით შეხედეთ, მილიარდი დოლარი უნდა ჩადოს ამ ქვეყანაში სადაც სამშენებლო რისკებს არავინ ითვალისწინებს. ამხელა ჰესს რომ ააშენებ უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს.”  - თქვა Enigma-სთან საუბარში. 

ჰესისთვის საკმარისი ჰიდრორესურსის მობილიზების ვალდებულებაზე საუბრისას, აბრამიშვილი ლაჯანურ ჰესს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, მდინარე ცხენისწყალზეა და “ენერგო პროს” ეკუთვნის. მდინარის წყალი ტუნელიდან რიონში ვარდება, რომელიც შემდეგ ნამახვან ჰესს ხმარდება. აბრამიშვილის თქმით, “ენერგო პრომ” მდინარე თავისი ძველი კალაპოტით რომ გაუშვას და ტუნელი დაკეტოს წყალი რიონში აღარ მოხვდება. “ხელისუფლებამ სწორედ ეს პასუხისმგებლობა აიღო, არა იმაზე თუ რამდენი წყალი მოვა, არამედ იმაზე რომ "ენერგო პრომ" ცხენისწყალი არ გადაკეტოს”. 

რაც შეეხება ენერგო რესურსის შიდა ბაზარზე რეალიზების საკითხს, აბრამიშვილის თქმით, დღევანდელი ბაზრის კანონების მიხედვით აკრძალულია, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის დროს, რომელიც ახლა უკვე წელიწადის 10 თვეს მოიცავს, არავის აქვს უფლება ელ.ენერგია ქვეყნიდან გაიტანოს. ხოლო, როდესაც ქვეყანაში ელ.ენერგიის სიჭარბეა, კომპანიას შეუძლია რესურსი ექსპორტზე გაიტანოს, ამ შემთხვევაში კი ექსპორტის, გადამცემი ხაზებისა და მოგების გადასახადი სახელმწიფოს რჩება. 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ საუბრისას აბრამიშვილის თქმით, კვლევები ყველაფერზე არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის პერიოდიდან კეთდება. რაც შეეხება საპროტესტო მოძრაობების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს და მოთხოვნებს, მისი აზრით, საჭიროა კონსტრუქციულები ვიყოთ და ხარვეზის მითითებისას გამოსავლის გზებზეც ვსაუბრობდეთ. 

“მთავარი არის მიზანი. ამ პროტესტის მიზანი რომ იყოს სწორი და ნათელი, მოდი ეს ჩავასწოროთ და ეს გავაუმჯობესოთ მე პირველი ვიქნები ვინც ამაში მხარს აუბამს და კიდევ მრავალი სხვა, თუმცა მათ აქვთ მიზანი რომ ჰესი არ აშენდეს” - ამბობს აბრამიშვილი. 

ზუთხზე საუბრისას, აბრამიშვილმა აღნიშნა რომ ჯამში რიონზე 8 კაშხალია, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აშენდა, იმ პერიოდში არ არსებობდა სტანდარტები, რომელიც თევზსავალის მოწყობას გულისხმობდა, შესაბამისად ამ კაშხალებს თევზსავალი არ გააჩნიათ. ამიტომ, ზუთხი ფიზიკურად ვერ ავა ზღვიდან მდინარეში საქვირითოდ. რადგან, ნამახვანჰესის ქვედა წელში 7 კაშხალია, რომლის გავლაც თევზებს მოუწევს.

ხშირია საუბარი ინვესტორებზეც და მათი დაკარგვის საფრთხეებზეც. ამაზე  USAID-ის განახლებადი ენერგიის პროექტის დირექტორი დენიელ პოტაში, Forbes Talks-ის ეთერში აღნიშნავს, რომ პროექტი კარგად იყო მომზადებული. თუმცა ფაქტმა, რომ პროექტის განვითარება შეჩერდა, მომავალში სხვა ინვესტორებიც შეიძლება დააფრთხოს. 

Region Kvira

მიუხედავად ორივე მხარის ხელში არსებული არგუმენტებისა, საკითხი დღემდე გადაუჭრელია. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი კითხვაა, “რამდენად ამართლებს პროექტით მისაღები საჯარო სარგებელი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბს”,  რასაც მთავრობისა და კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი არგუმენტებით პასუხობენ. კითხვებზე პასუხი მედიაციის შედეგადაც უნდა მიგვეღო, თუმცა ენკას განცხადებამ, შესაბამისი დოკუმენტების მიღების პროცესი შეაჩერა. ახლა საინტერესოა, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები ენკასა და მთავრობას შორის და საბოლოოდ რა ბედი ეწევა ნამახვან ჰესს. 

მთავარი ფოტო: Enigma Media / თამარ კოპალიანი
კომენტარები